
ქართველი ფიზიკოსი გია დვალი 15 წელიწადზე მეტია, რაც აშშ-ში, საფრანგეთსა და იტალიაში მოღვაწეობს. მან 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1992 წელს მოიპოვა ხარისხი თბილისშივე თეორიულ ფიზიკაში. ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. 2008 წელს კი მიიღო ჰუმბოლტის პროფესურა. დღესდღეობით ითვლება მეცნიერულ ავტორიტეტად თეორიული ფიზიკის დარგში. ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობას იღებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში. თეორიები, რომლებსაც პროფესორი გია დვალი თავის კოლეგებთან ერთად ავითარებს, ექსპერიმენტულად დამტკიცების შემთხვევაში თანამედროვე ფიზიკაში ბევრ რამეს შეცვლის.მისი ჰიპოთეზები შეეხება სამყაროს მოწყობას, გრავიტაციის კვანტურ თეორიას და დამატებითი განზომილებების აღმოჩენას.
დღემდე ეჭვი არავის შეუტანია ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის მართლზომიერებაში, უფრო ზუსტად,ეს კანონი არც მცირე და არც დიდ მანძილზე არავის გაუზომავს. გია დვალის თეორიის თანახმად, შეიძლება მოხდეს ამ კანონის მოდიფიცირება მცირე და დიდ მანძილზე.
სტენფორდის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა და გია დვალმა შეიმუშავეს ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც დამატებითი სივრცული განზომილებები შეიძლება აღმოჩნდეს მცირე მანძილზე. ამჟამად ინტენსიურად ტარდება ცდები ამ ჰიპოთეზის შესამოწნებლად. ამასთანავე, პროფესორმა დვალმა თავის ბოლო ნაშრომებში გამოთქვა მოსაზრება, რომ დამატებითი განზომილებები შეიძლება აღმოჩნდეს აგრეთვე დიდ მანძილზეც, რაც სამყაროს აჩქარებული გაფართოების ბოლო დროს აღმოჩენილი უცნაური ფენომენის ერთერთი ახსნა შეიძლება იყოს. ის ასევე კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს, სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ. ”ჩვენ ვართ ფუნდამენტური მეცნიერების წარმომადგენლები. ეს იმას ნიშნავს რომ, ვცდილობთ ისეთ კითხვებს გავცეთ პასუხები, რომელთაც დღეს გამოყენებითი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია მეცნიერებისათვის. მაგალითად: როგორი იყო სამყაროს პირველსაწყისი, რისგან შევდგებით ჩვენ და რისგან შედგება სამყარო, რა არის მისი მომავალი, როგორია მატერიის სტრუქტურა, საერთოდ რა ძალები არსებობენ სამყაროში და რამდენ განზომილებიანია ის. გვაქვს ფაქტები, იქმნება თეორია, შემდეგ ყალიბდება წინასწარმეტყველება და ექსპერიმენტების საშუალებით ვცდილობთ მის შემოწმებას.” _აცხადებს იგი.
წყარო : www.vikipedia.org
www.tsu.ge
No comments:
Post a Comment